პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის სარჩელზე ინფორმაცია არ გვაქვს - ზურაბიშვილის ადმინისტრაცია
"საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის მიერ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ სარჩელის შეტანიდან 6 თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
2022 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი "საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ". საქმე 9-წევრიანმა პლენუმმა უნდა განიხილოს.
მოსამართლეთა შემადგენლობა მიიჩნევს, რომ იმ საკითხის გასარკვევად, კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმა, საჭიროა უფლებამოსილებათა ფარგლების დადგენა.
ის, რომ საქართველოს მთავრობას უფლებამოსილების გამიჯვნაზე პრეზიდენტთან პრობლემები ჰქონდა, ცნობილი 2022 წლის მარტში გახდა. ამ საკითხზე საუბარი საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დაიწყეს.