სერბეთმა არმიის ხელმძღვანელი გაგზავნა კოსოვოსთან საზღვარზე
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, მაგრამ ბელგრადი ამ ნაბიჯს არ სცნობს და კოსოვოში მცხოვრებ 120 000 სერბს აგულიანებს არ დაემორჩილონ პრიშტინის ძალაუფლებას. პოლიციის ყოფილი ოფიცრის დაპატიმრების გამო გაბრაზებულმა ასობით ეთნიკურმა სერბმა 10 დეკემბერს გზები დაბლოკა ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც უმრავლესობას სერბები შეადგენენ, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია ორ გამშვებ პუნქტზე.
"იქ ვითარება რთულია და კომპლექსური" - ამბობს სერბეთის არმიის ხელმძღვანელი ადგილობრივი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში და კოსოვოსთან საზღვრის აღსანიშნად სერბეთის მიერ გამოყენებული ტერმინის მოხმობით დასძენს: "ის მოითხოვს სერბეთის არმიის ყოფნას მომავალ პერიოდში, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ".
დაძაბულობის გაღრმავების ფონია კოსოვოს მიერ 18 დეკემბერს დანიშნული ადგილობრივი არჩევნები სერბთა უმრავლესობის მქონე მუნიციპალიტეტებში, და სერბთა მთავარი პარტიის განცხადება, რომ ის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. დაპატიმრებულ იქნა ყოფილი პოლიციელი, რომელიც ეჭვმიტანილია ეთნიკურად ალბანელი პოლიციელების წინააღმდეგ თავდასხმებში მონაწილეობაში - რამაც ეთნიკურ სერბებში გაღიზიანება და გზების ბლოკირება გამოიწვია.