"იზორიას დანიშვნა კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე," - ირმა ნადირაშვილი
ახალი მინისტრების დანიშვნას ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, ლევან იზორიას დანიშვნა კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის არასერიოზულ და უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ქვეყნის თავდაცვის უწყების მიმართ.
“ჩვენ წითელაშვილის ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად რთული ვითარებაა თავდაცვის სამინისტროში და ზოგადად სახელმწიფოში ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. იზორიას დანიშვნა, ადამიანის სუსი-დან, ამ თანამდებობაზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის არასერიოზულ და უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ქვეყნის თავდაცვის უწყების მიმართ“ - განაცხადა ნადირაშვილმა.
ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა გრძელდება.
“ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა ბიძინა ივანიშვილის და კონკრეტულ პოსტს რომელი ადამიანი დაიკავებს დიდი არანაირი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია. იქ სუს-ის თანამშრომლის დანიშვნა არა მგონია, რომ პოზიტივისკენ ცვლიდეს ვითარებას. რაც შეეხება შერიგების სამინისტროს იქაც რეალურად პოლიტიკა რჩება იგივე“ - აღნიშნა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა მთავრობის ორი ახალი წევრი დაასახელა. თავდაცვის მინისტრად ლევა იზორია დაინიშნა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი ქეთევან ციხელაშვილი.
ავტორი: ანა წერეთელი.