გიორგი კვირიკაშვილმა რაჭის მოსახლეობას გზების გადაკეტვის გამო ბოდიში მოუხადა
ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან ათასი წელი გავიდა. საზეიმო წირვა-ლოცვა ადგილზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ცერემონიას პრემიერმინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელი თარიღი სრულიად საქართველოს მიულოცა. აქვე პრემიერმა რაჭის მოსახლეობას გზების გადაკეტვის გამო ბოდიში მოუხადა.
“მინდა პირველ რიგში რაჭას და მერე საქართველოს მივულოცო ეს დღესასწაული და ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და უკეთესი ხვალინდელი დღე. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოვუხადო რაჭის მოსახლეობას იმიტომ, რომ გზა იყო გადაკეტილი, აბსოლუტურად არა ჩემი მიზეზის გამო, მაგრამ რატომღაც ვიღაცებს უთხრეს აქ, რომ პრემიერის გამოა გადაკეტილიო. ვისაც შეექმნა უხერხულობა ყველას ბოდიშს ვუხდი. არასოდეს ასეთი ბრძანება არ გამიცია„ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
წირვის შემდეგ ილია მეორემ ის ადგილი აკურთხა, სადაც მალე ახალი სამონასტრო კომპლექსი აიგება. ნიკორწმინდის შემდეგ პრემიერმინისტრმა შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო შაორის მშენებლობა დაათვალიერა. მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის –უმასპინძლე საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
რაჭაში სტუმრობისას გიორგი კვირიკაშვილმა ახალი ინიციატივა გაახმაურა სხვადასხვა კომპანიების მიერ პენსიონერების დასაქმებასთან დაკავშირებით.