ოკუპაციის თემაზე ვაკის პარკში გამოფენა მოეწყო
2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას გამოეხმაურნენ დღეს ვაკის პარკში. ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისა და მისი შტაბის მოხალისეების ორგანიზებით ოკუპაციის თემაზე პარკში გამოფენა მოეწყო. ღია ცის ქვეშ გამართულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი დოკუმენტური მასალები და ფოტოები რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ 200 წლიან აგრესიას ასახავს. გამოფენაზე დიდი ადგილი დაეთმო რუსული პროპაგანდის თემას, როგორც უკანასკნელი სამხედრო აგრესიების დროს ერთ-ერთ მთავარ იარაღს.
“სწორედ დღეს მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს ის 200 წლიანი ისტორია, როდესაც რუსეთი ზუსტად იგივე ფორმით იგივე სახით აფეთქებდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას, იპყრობდა ტერიტორიებს და ახდენა ოკუპაციას. თუმცა ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ გარდა 200 წლიანი ოკუპაციისა ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის 200 წელი" - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ელენე ხოშტარიამ.