პრემიერმინისტრმა პენსიონერების დასაქმების ახალი ინიციატივა გაახმაურა
ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან ათასი წელი გავიდა. საზეიმო წირვა-ლოცვა ადგილზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ცერემონიას პრემიერ მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელი თარიღი სრულიად საქართველოს მიულოცა.
ნიკორწმინდის შემდეგ პრემიერმინისტრმა შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო შაორის მშენებლობა დაათვალიერა. მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის – უმასპინძლე საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
რაჭაში სტუმრობისას გიორგი კვირიკაშვილმა ახალი ინიციატივა გაახმაურა სხვადასხვა კომპანიების მიერ პენსიონერების დასაქმებასთან დაკავშირებით. რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღეში იგეგმება.
“ეს არის პენსიონერების დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს, სპეციალურად პენსიონერებისთვის განკუთვნილ საგადასახადო შეღავათებს, იმ კომპანიებისთვის, რომელებიც დაასაქმებენ პენსიონერებს. ეს არ გულისხმობს პენსიის მოხსნას და არც სოციალური შეღავათების მოხსნას. ეს არის დამატებითი შემოსავალი, იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა რომელსაც გააჩნია ძალიან საინტერესო გამოცდილება, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს ეს და თავისი გამოცდილება გადასცეს ახალგაზრდა თაობას,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.