დავანახოთ მიშას ძლიერი მხარდაჭერა რომ ღირსეულად დაბრუნდეს საქართველოში - სანდრა რულოვსი
„დავანახოთ მიშას, რომ მის პარტიას ძლიერი მხარდაჭერა აქვს და შეუძლია მას, ღირსეულად დაბრუნდეს საქართველოში,“ - ასე მიმართა მხარდამჭერებს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა.
გადაცემა არჩევანში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა რეგიონიდან ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ჩაერთვნენ. მათ იმ გეგმებზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც ისინი გამარჯვების შემთხვევაში გეგმავენ. ისინი საკუთარ დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.
საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიის ლიდერი, ლევან ვარშალომიძეც. ის ადგილობრივებს გაჩერებული ბათუმის ამუშავებას ჰპირდება. როგორც მან გადაცემა არჩევანში განაცხადა, "აჭარლებში უიმედობის განცდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს".
ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ პარტიის ეკონომიკის, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა და თქვა, რომ პენსიონერებისთვის 50-ლარიანი მატება ძალაში რჩება. დავით ბაქრაძემ ასევე ბიზნესის დაცვის კუთხით ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქვთ გეგმაში.