უკანონოდ გავრცელებული ჩანაწერები - ახალი სკანდალი ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის თაობაზე
უკანონოდ გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე ქართული ოცნება ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს ქრთამის გადაცემაში ადანაშაულებს და სამართალდამცველებს ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის შესწავლისკენ მოუწოდებს.
მმართველი პარტია კვლავ ჩანაწერის შინაარსზე მიუთითებს და არა გავრცელების უკანონობაზე. ნიკა გვარამია კი ქართული ოცნების წევრების ბრალდებებს ქრთამის გადაცემის თაობაზე კომიკურს უწოდებს.
მმართველი გუნდის ბრალდებები მიუღებელი და აბსურდულია საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისთვის. ის ქრთამის შეთავაზებას გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელება ხელისუფლების ინტერესებშია.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას მსგავსად მამუკა ახვლედიანი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე იმ დროს მოქმედ პრემიერს და ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა.
უკანონო ჩანაწერების დროული გამოძიების აუცილებლობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საუბრობენ.
ამ ეტაპზე გამოძიება ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.