ჯარისკაცები არჩევნები
ინფორმაცია იმის შესახებ რომ 8 ოქტომბერს შესაძლოა სამხედროებს არჩევანის გაკეთების საშუალება არ მიეცეს თავისუფალმა დემოკრატებმა დღის პირველ ნახევარში გაავრცელეს. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოგვიანებით განმარტა, რომ განცხადება პრევენციის მიზნით გააკეთა. ალასანია მთავრობას ჯარის პოლიტიკისგან გამიჯვნას კატეგორიულად მოუწოდებს.
ანალოგიურ ინფორმაციას ფლობენ ნაციონალურ მოძრაობაშიც, ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ რომ მმართველი ძალის მიმართ ძალოვან უწყებებში ნეგატიური განწყობაა და სწორედ ამიტომ თავდაცვის უწყება არჩევნების დღეს, ჯარისკაცების ბაზებზე ჩაკეტვას აპირებს.
ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს თავდაცვის სამინისტრო დღის ბოლოს გამოეხმაურა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა ინფორმაციას სიცრუე უწოდა და პოლიტიკურ პარტიებს არმიაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.
თავდაცვის უწყების პოზიციას იზიარებენ მმართველ გუნდშიც. ქართულ ოცნებაში წინასაარჩევნოდ ჯარისკაცებზე ზეწოლას გამორიცხავენ.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, სამხედროები საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ხმას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით აძლევენ. ავღანეთის მისიაში მყოფი სამხედროები კი საკუთარ არჩევანს ხვალ გააკეთებენ.
ავტორი: დავით კაკულია.