„ჩვენ 40 მილიონით ვეხმარებით ივანიშვილის ოჯახს, რომ მან შეინახოს თავისი ჯიბის ტელევიზია" - კახა კუკავა
პარტია თავისუფალი საქართველო პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს ფართომასშტაბიან პროტესტის დასაწყებად სამეურვეო საბჭოს დათხოვნის მოთხოვნითა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საფუძვლიანი რეფორმირების მიზნით.
„ჩვენ 40 მილიონით ვეხმარებით ივანიშვილის ოჯახს, რომ მან შეინახოს თავისი ერთი ჯიბის ტელევიზია,“- განაცხადა კახა კუკავამ.
ოპოზიცია სამეურვეო საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევას აკრიტიკებს.
„ამ პროცესმა აჩვენა, რომ სამეურვეო საბჭო არ არის დაცლილი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან, მან სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო,“- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, თამარ კორძაიამ.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ბორდის გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
„პირდაპირ, ყოველგვარი მორიდების გარეშე დასვა შენი წარმომადგენელი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად, სინდისმაც არ შეგაწუხოს, იმდენად მოულოდნელია ყველასთვის, რომ შოკის მომგვრელია,“- განაცხადა ახალი მემარჯვენეების პოლიტიკურმა მდივანმა, მანანა ნაჭყებიამ.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის თქმით, ვასილ მაღლაფერიძე „ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანის ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს“.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.