გიგი უგულავა თავისუფალია - თბილისის ყოფილი მერის პირველი შეფასებები პატიმრობის შემდეგ
9 თვიანი წინასწარი პატიმრობისა და წელიწადნახევრიანი სასჯელის შემდეგ გიგი უგულავა თავისუფალია. თბილისის ყოფილმა მერმა ორი საათის წინ დატოვა ე.წ. მატროსოვის ციხე.
გათავისუფლების შემდეგ, დედაქალაქის ყოფილმა მერმა განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა. სააპელაციო სასამართლოს გამოტანილი განაჩენის შეფასებამდე, გიგი უგულავამ სოლიდარობა საპატიმროში დარჩენილ თანამებრძოლებს გამოუცხადა.
გიგი უგულავამ მე-9 დაწესებულება დღეს არა როგორც გამართლებულმა, არამედ როგორც სასჯელმოხდილმა დატოვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა.
მოსამართლეებმა ახალ განაჩენში ჩაწერეს, რომ ე.წ. თბილსერვისის საქმეზე გიგი უგულავამ არა საბიუჯეტო თანხების მითვისება გაფლანგვა ჩაიდინა, არამედ საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა. დედაქალაქის ყოფილი მერიც დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წლის წინ, მისი დადანაშაულება თანხების მითვისება-გაფლანგვაში სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილი იყო.
გიგი უგულავა საპატიმროდან სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებიდან თითქმის ორ საათში გაათავისუფლეს. საკუთარი გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეებს ორი დღე დასჭირდათ.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის გამამართლებელი განაჩენი, რომელიც პირველმა ინსტანციამ ე.წ. რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით მიიღო. ე.წ. თბილსერვისის საქმესთან დაკავშირებით კი კვალიფიკაცია შეცვალა და სასჯელად 1 წლით 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამ სასჯელიდან უგულავას მოსახდელი 2 დღე ქონდა.
დასაბუთებული განაჩენი მხარეებს ერთი თვის ვადაში ჩაბარდებათ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ორივე მხარე გაასაჩივრებს. გიგი უგულავა სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას საბოლოო გამართლებამდე გეგმავს.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე, მარიკა გოცირიძე