ფრაქციული გადაჯგუფება - ამ ეტაპზე პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" ცალკე ფრაქციის სახით აღარ არსებობს
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა ფუნქციონირებას პარლამენტში ევროპული საქართველოს სახელით გააგრძელებს. ფრაქციის უკვე ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას კი სერგო რატიანი ანაცვლებს.
მეორე ფრაქციას, რომლის სახელწოდებაც ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის გახდა, ელენე ხოშტარია უხელმძღვანელებს.
პარტიაში ურთიერთობების გარკვევის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები დღეს პარლამენტში შეიკრიბნენ, თუმცა ფრაქციის სხდომას თავად ნაციონალების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
დღევანდელი ფრაქციული გადაჯგუფების შემდეგ, ამ ეტაპზე პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა ცალკე ფრაქციის სახით აღარ არსებობს. პარტიის დეპუტატები სახელშეცვლილ ფრაქციებში ჯერ ოფიციალურად ირიცხებიან, თუმცა ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ განაცხადს უახლოეს დღეებში გააკეთებენ.
ნაციონალურ მოძრაობაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ პარლამენტის მსგავსად, ფრაქციული გადაჯგუფება უკვე მოხდა თბილისის საკრებულოშიც. პარტიას აქ 7 დეპუტატი ჰყავდა. ცნობილია, რომ ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო და ახალ ფრაქციას ქმნის 3 დეპუტატი, 3 კი - პარტიაში რჩება. ამ ეტაპზე უცნობია მხოლოდ სევდია უგრეხელიძის პოზიცია.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.