ფრაქცია "ევროპულმა საქართველომ" ბიუროზე ოფიციალურად განაცხადა არსებობის შესახებ
საპარლამენტო უმცირესობამ მათ მიერ ფრაქციებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ ბიუროს და პარლამენტს დღეს აცნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაქცია ევროპული საქართველო ახალი ხელმძღვანელით მუშაობას პარლამენტში ოფიციალურად დაიწყებს. სხდომის შემდეგ, ძალაში შედის საპარლამენტო უმცირესობის მეორე ფრაქციისთვის შეცვლილი სახელიც - ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის, რომელსაც ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს. არც საპროცედურო კომიტეტის წარმომადგენლებსა და არც პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ცვლილებების ლეგიტიმურობის საკითხი დღეს არ დაუყენებიათ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა დღეს ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს უპასუხეს და განაცხადეს, რომ მათ გადაწყვეტილება ფრაქციებში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით კანონის დაცვით მიიღეს.
ახალი ფრაქციის ევროპული საქარველოს წევრები ამბობენ, რომ საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციებში მომხდარი ცვლილებები ნაციონალურ მოძრაობას ახალი ფრაქციის შექმნაში ხელს არ შეუშლის.
ყოფილი თანაგუნდელების არგუმენტები მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის. ისინი აცხადებენ, რომ განვითარებული მოვლენების შემდეგ, მათ საკანონმდებლო ორგანოში შიდაფრაქციული ცვლილებების უფლება აღარ ჰქონდათ. ეს პოზიცია დააფიქსირეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა წერილშიც, რომლიც დღეს ბიუროს გაუგზავნეს და საპარლამენტო უმცირესობის მიერ ფრაქციებთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების გაუქმება მოითხოვეს. პარტიის წერილი დღევანდელ ბიუროზე არ განუხილავთ.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში ცალკე ფრაქცია მაინც ეყოლება.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.