ექსკლუზივი - P.S.-მა "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების საიდუმლო დეტალები გაარკვია
საქართველოს გაზპრომისგან ტრანსფერის საფასურს ნატურით აღარ მიიღებს. როგორც ცნობილია, რუსული მხარე საქართველოს ირანული მილსადენის გამოყენებით იმუქრებოდა, თუმცა, როგორც ჩანს და როგორც ირანისა თუ აზერბაიჯანის ექსპერტები იუწყებიან, ეს ნამდვილი ბლეფი იყო, რომელზეც ქართული მხარე წამოეგო.
სომხეთისა და ირანის დამაკავშირებელი მილსადენს კონკრეტული ფუნქცია აქვს და მისი სხვა დანიშნულებით გამოყენება გართულდება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რუსულ-ირანული ურთიერთობების ბოლო დროინდელ დათბობაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ამჯერად რუსული მხარის ულტიმატუმი, საქართველოზე გაზის ტრანზიტი საერთოდ შეეწყვიტა, ყველაზე უფრო დამაჯერებელი იყო.
უკრაინაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების საშუალებით, რომლითაც რუსულ გაზს ევროპას აწვდის, ქვეყანა წლიურად 90 მილიარდ კუბურ მეტრამდე რუსულ გაზს ატარებს და სატრანზიტო ანაზღაურების სახით 2.5 მილიარდ დოლარსაც იღებს და ეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ და რამდენჯერ დაიძაბა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.
პოსტსკრიპტუმისთვის ცნობილი გახდა, რომ ტარიფი, რომლითაც საქართველო გაზპრომს მოემსახურება, ემთხვევა უკრაინულ ტარიფს, თუმცა უკრაინული მხარე კარგა ხანია ამ ტარიფის სამჯერ გაზრდას მოითხოვს.
ზუსტად რა მოცულობის ბუნებრივი აირი დააკლდება საქართველოს ენერგო სისტემას, ენერგეტიკის სამინისტროში ისევ კომერციული საიდუმლოს მოტივით, არ აკონკრეტებენ, თუმცა მიუთითებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რუსული გაზის ფიქსირებულ ფასად შეძენის საშუალება ექნება.
გაზპრომმა ფულად ანაზღაურებაზე გადასვლის საკითხი პირველად ერთი წლის წინ დააყენა, მაშინ რუსული მხარე აცხადებდა რომ გაზრდილი მოხმარების გამო საქართველოზე გამავალი მილსადენის მთელი სიმძლავრე, 2.5 მილიარდი კუბი, სომხეთის მოსამარაგებლად სჭირდებოდა და საქართველოსთვის ნატურით გადასახდელი აირი უბრალოდ აღარ რჩებოდა.
ბუნებრივი აირის რა მოცულობის მიღება შეეძლება საქართველოს სინამდვილეში უცნობია.
ავტორი: მიშა სესიაშვილი.