ჩვენი ფრაქცია დარეგისტრირდება ბიუროზე... ეს იქნება მთავარი და ნამდვილი ოპოზიცია პარლამენტში - პეტრე ცისკარიშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს. ფრაქცია 6 კაციანი იქნება და მის შემადგენლობაში რომან გოცირიძის ხელმძღვანელობით სალომე სამადაშვილი, ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი ერთიანდებიან. ერთ-ერთი მთავარი თემა, რასაც ახალი ფრაქცია განიხილავს, პარლამენტში გაზპრომის თემაზე კახი კალაძის დაბარება და ახალი ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნა იქნება.
„ჩვენი ფრაქცია დარეგისტრირდება ბიუროზე. ეს არ იქნება, გასაგები მიზეზების გამო, მრავალრიცხოვანი ფრაქცია, მაგრამ იქნება უაღრესად კომპეტენტური გუნდი, რომელიც იმავდროულად იქნება მთავარი და ნამდვილი ოპოზიცია პარლამენტში და იქნება ის ფრაქცია, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამხელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას თავის არაკომპეტენტურობაში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა რაც იქნება მიმდინარე კვირაში გახმოვანებული, ეს შეეხება გაზპრომთან დაკავშირებულ რეზოლუციას, სადაც ჩვენ ვითხოვთ მთავრობის პასუხისმგებლობას, ხელშეკრულების გასაჯაროებას,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.