საია სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე საპარლამენტო კონტროლის დაწესებას ითხოვს
სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე საპარლამენტო კონტროლის დაწესებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციამ, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს და კომიტეტების ხელმძღვანელებს მიმართა. საიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში რეორგანიზაციის ერთიანი სისტემა არ არსებობს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპარლამენტო კომიტეტებს მოუწოდებს, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საკანონმდებლო ორგანოში აღმასრულებელი ხელისუფლება დაიბარონ. პროცესში მონაწილეობისთვის მზად არის საპარლამენტო უმრავლესობა.
მოქმედი ხელისუფლების პირობებში საპარლამენტო კონტროლის დაწესებას ეჭვქვეშ აყენებს ნაციონალური მოძრაობა. მესამე სექტორის ინიციატივას მხარს უჭერს ფრაქცია ევროპული საქართველო.
სახელმწიფო სტრუქტურებში რეორგანიზაციისა და საბიუჯეტო სახსრების 10 პროცენტით შემცირებაზე მუშაობა, 2016 წლის 9 დეკემბერს პრემიერის, გადაწყვეტილებით დაიწყო. რამდენი საჯარო მოხელე გათავისუფლდა პროცესის დაწყებიდან დღემდე უცნობია.
ავტორი: შოთა კიკნაძე.