გაასაჯაროებს თუ არა ხელისუფლება "გაზპრომთან" გასაფორმებელ ხელშეკრულებას, ამ დრომდე უცნობია
ხელისუფლება გაზპრომთან გასაფორმებელი დოკუმენტის გასაჯაროებას არ ჩქარობს, შესაბამისად კვლავ უცნობია, მოსკოვის რა ულტიმატუმს დათანხმდა ქართული მხარე. მმართველ გუნდს განმარტებების გაკეთება სავარაუდოდ მთავრობის წევრების ნაცვლადაც მოუწევს.
პოლიტიკური დებატების შესახებ უმცირესობის ინიციატივა პარლამენტში დღის ბოლოს დარეგისტრირდა. გაზპრომთან განხორციელებული შეთანხმების დეტალებზე ინფორმაციას ოპოზიცია მმართველი გუნდიდან ითხოვს.
ევროპული საქართველოს წევრები კიდევ ერთ ინიციატივას უერთდებიან, რომელიც პარლამენტში ნაციონალურმა მოძრაობამ რეზოლუციის პროექტის სახით დაარეგისტრირა. დეპუტატები რუსულ კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების სრულად გასაჯაროებას და მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.
გაზის ტრანზიტის ტარიფი, რომლითაც საქართველო გაზპრომს მოემსახურება, ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. ის კომერციული საიდუმლოა და მასზე ხელი არც საქართველოს პრეზიდენტს და არც პარლამენტს არ მიუწვდება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებაში დარწმუნებულები არიან, რომ რუსულ კომპანიასთან შეთანხმება საქართველოთვის ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს.
ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ შეთანხმება საქართველოს წამგებიან პოზიციაში აყენებს, რადგან ქართული მხარე რუსეთის ულტიმატუმების სანაცვლოდ დათმობაზე წავიდა.
მთავრობის ცალკეული წევრების გარდა ხელშეკრულების პირობები არავინ იცის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მრავალწლიანი პირობა, რომლის მიხედვითაც საქართველო სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გატარებული აირის 10 პროცენტს იღებდა, გაუქმდა. ნატურის სანაცვლოდ რუსეთი ქართულ მხარეს თანხას გადაუხდის, თუმცა რა რაოდენობას უცნობია.
ავტორი: ეკო მაღრაძე.