სიტყვიერი დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე - უმრავლესობა ოპოზიციას გია ცერცვაძის საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს
ევროპული საქართველო პარლამენტში სამი, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლას ითხოვს.
ბიუროს სხდომაზე ოპოზიციამ მწვავე განცხადებები გააკეთა. ევროპული საქართველოს წევრები დაინტერესდნენ, თუ რატომ გადასცა გიორგი ცერცვაძის პერსონალური მონაცემები საქართველომ რუსეთს და მათი აზრით, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა ეს საქმე უნდა აკონტროლონ, რათა საქართველოს მოქალაქის უფლებები დაიცვან.
„ის რაც მოხდა, თავისთავად და ასევე ის შეფასებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ქმნის ძალიან საგანგაშო სიტუაციას. როდესაც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვერ ვიცავთ და პირდაპირ ვაგდებთ მტრის ხახაში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
უმცირესობამ ბიუროს სხდომაზე ყველას შესთავაზა ხელი მოეწერა წერილზე, რომელიც ევროპულმა საქართველომ უკრაინაში გაგზავნა და გიორგი ცერცვაძეს თავდებში ჩაუდგა, რათა მისი უკრაინიდან რუსეთში ექსტრადირება არ მოხდეს. ოპოზიციის აზრით, ქართველი სამხედრო შესაძლოა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.
უმრავლესობის წარმომადგნელებმა ოპოზიცია ქართველი სამხედროს საქმის პოლიტიზირებაში დაადანაშაულეს. ირაკლი სესიაშვილსა და ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ევროპული საქართველოს წევრმა უმრავლესობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ერთ-ერთი წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, გია ცერცვაძეს „მკვლელს“ უწოდებს.
„ნაკლებად მაინტერესებს თქვენ ან თქვენი პოლიტიკური ინტერესი აქ სად და როგორ არის. მე მაინტერესებს ერთი ადამიანის ბედი, რომელიც არის ამ ქვეყნის მოქალაქე,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ავტორი: სოფო ზურაბიანი.