„თავად საჯარო მოხელეებისთვის არის გაუგებარი, თუ რატომ ხდება უშუალოდ მათი შერჩევა გათავისუფლების პროცესში,“ - ნინო ცუხიშვილი
სამინისტროებში დაანონსებული რეორგანიზაციის შესახებ და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ამ დროისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ცუხიშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.
ნინო ციხიშვილი აცხადებს, რომ საჯარო მოხელეებმა, რომლებიც რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლდნენ, უმეტეს შეთხვევაში არ იციან, თუ რატომ შეირჩა კონკრეტულად მათი კანდიდატურა.
„ჩვენ მივმართეთ მთავრობის ადმინისტრაციას და საჯარო სამსახურის ბიუროს, რათა მიგვეღო ინფორმაცია იმის თაობაზე, როგორ ხორციელდება პრაქტიკაში საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივა საბიუჯეტო სახსრების და მათ შორის, რეორგანიზაციის პროცესის თაობაზე,“ - განაცხადა ნინო ცუხიშვილმა.
ცუხიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ და საჯარო სამსახურის ბიურომ საია-ს არ მიაწოდა ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა აიღოს პასუხისმგებლობა და მოსთხოვოს საქართველოს მთავრობას ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თითოეულ სამინისტროში როგორ წარიმართა ეს პროცესი,“ - განაცხადა ნინო ცუხიშვილმა.