ოლიმპიური კომიტეტის ბრალდებები ირაკლი მეძმარიაშვილის და რუსთავი 2-ის მისამართით
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უკმაყოფილებას რუსთავი 2-ისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მისამართით გამოთქვამს. ხაბელოვი ამბობს, რომ მისი იურისტები თბილისის საქალაქო სასამართლოს შუალედურ გადაწყვეტილებას გაეცნობიან და სასამართლოს ყველა საჭირო დოკუმენტაციას წარუდგენენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების რეკომენდაციით მიმართა.
რუსთავი 2-ისთვის თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, გადაწყვეტილების საფუძველზე 23 დეკემბერს გამართული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო საარჩევნო სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და შესრულება შეაჩერდა.
პოლიტიკურ ინტერესებზე მითითებას პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი აკეთებს, ხაბარელი მეძმარიაშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს გამორიცხავს.
23 დეკემბერს გამართული არჩევნების შედეგების შესახებ მხარეები დავას სასამართლოში გააგრძელებენ.
ავტორი: დავით ერაძე.