დღგ-თი დაბეგვრის ახალი სისტემა და ექსპერტებისა და ოპოზიციის უარყოფითი პროგნოზები
მთავრობის ეკონომიკური რეფორმა ექსპერტების აზრით, ბიზნესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს. დაბეგვრის ახალი სისტემა უკვე ამოქმედდა. თუ აქამდე დამატებითი ღირებულების გადასახადს კომპანიები მომსახურების გაწევის შემდეგ იხდიდნენ, ისინი უკვე ავანსის მიღებისთანავე დაიბეგრებიან. კერძო სექტორში ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ შექმნილ სირთულეებზე საუბრობენ.
მთავრობას კანონის ამოქმედების გადავადების თხოვნით ბიზნესმენთა ასოციაციამაც მიმართა, თუმცა კერძო სექტორის მიერ დასახელებული არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა.
დღგ-თი დაბეგვრის ახალი სისტემა ძირითადად გრძელვადიანი კონტრაქტებისათვის შემოიღეს. ბიზნესმენებს, რომლებიც თვეში რამდენიმე ასეულ ფინანსურ ოპერაციას ახორციელებენ, დაბეგვრასთან ერთად ადმინისტრირების ხარჯიც გაეზარდა.
მთავრობაში ადასტურებენ, რომ კომპანიების ნაწილზე ცვლილება ნეგატიურად აისახება, თუმცა საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს გადასახადისგან თავის არიდების გახშირებული შემთხვევებითა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ხსნიან.
ახალი რეგულაციით ბიზნესს წლის განმავლობაში განკარგვადი ფინანსები შეუმცირდება, რაც ოპოზიციის აზრით, ეკონომიკის ზრდას კიდევ უფრო შეაფერხებს, ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველო გუნდში.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.