უმრავლესობაში პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული ამ დრომდე არ აქვთ
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ კანონზე რამდენიმე შენიშვნა აქვს. პრეზიდენტისთვის მიუღებელია მოსამართლედ გამწესებამდე 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა. 6 პუნქტიანი შენიშვნების რიცხვშია სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესიც.
ვეტოს დაძლევს თუ მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს, უმრავლესობას გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს. მმართველმა პარტიამ დღეს პრეზიდენტს მხოლოდ ის მიანიშნა, რომ ვეტოს დაძლევაზე უარის თქმა, ყველა მოტივირებული შენიშვნის გათვალისწინებას გულისხმობს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება შესაძლოა გართულდეს.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ძირითად ნაწილს იზიარებენ უმცირესობაში. ფრაქცია ევროპული საქართველო მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის გაუქმებას ითხოვს. ნაციონალურ მოძრაობაში კი ხელისუფლებას დღეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეახსენეს, რომელიც მათი თქმით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებშიც ასახულია.
პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობას საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიის გახსნიდან დაიწყებს. სხდომების დაწყებიდან დეპუტატებს შენიშვნების განხილვისთვის 15 დღიანი ვადა აქვთ.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.