გაძვირებული ფასების ფონზე ბიუროკრატთა ხელფასები დაპირებული 10%-ის ნაცვლად, მხოლოდ 3.5%-ით შემცირდება
ბენზინის საშუალო ფასი შარშან იანვარში 1.66 ლარი იყო, დღეს 2.14 ლარია, სხვაობა 48 თეთრი გამოდის, რაც 23%-იან გაძვირებას ნიშნავს. ავტოგაზი 1.28 ლარი ღირდა, დღეს კი ფასი 17 თეთრით მეტი - 1.45 ლარია, ანუ 13%-ით არის გაძვირებული. არ არის გამორიცხული, ბენზინის ფასი კიდევ გაიზარდოს.
ამ კვირაში ეროვნულმა ბანკმა ლარის სესხებზე ბანკებს განაკვეთი 6.75%-მდე გაუზარდა, ეს კი სესხს მომხმარებელსაც გაუძვირებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს ლარის შემდგომი გაუფასურების მოლოდინი აქვს და ლარში სესხის გაძვირებით, ამის დაბალანსებას ცდილობს, თუმცა ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მოლოდინი მხოლოდ ფასების ზრდის აქვთ და ამ ნაბიჯით არა ლარის კურსის, არამედ, ფასების დონის დაჭერას ცდილობენ.
პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში წელს 10%-ით შეამცირებდა ადმინისტრაციულ ხარჯს, თუმცა დამტკიცებული ბიუჯეტიდან ჩანს, რომ ბიუროკრატთა რიცხვი წელს 1001 მოხელით იზრდება და 116 757 შეადგენს, მათი ხელფასების დაპირებული 10%-ით შემცირების ნაცვლად, მხოლოდ 3.5%-იანი კლებაა დაგეგმილი.
ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი