ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები უკვე ერთი კვირაა, შიმშილობენ
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები უკვე ერთი კვირაა, შიმშილობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე, იმ დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 7 სპეცრაზმელი, რომელიც საქმის მთავარი მოწმეა, ჩვენებების მიცემის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ საკანში იჯდა.
სპეცრაზმელებმა ჩვენება ირაკლი ფირცხალავასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მისცეს.
მსჯავრდებულები ამტკიცებენ, რომ მათ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები შეთანხმებულია და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. საქმის ადვოკატმა სასჯელაღსრულების დაწესებულებას რამდენიმეჯერ უკვე მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
იმ შემთხვევაში, თუ ციხის ადმინისტრაცია ადვოკატს წერილობით უპასუხებს, დაცვის მხარე 31 იანვარს ჩანიშნულ პროცესზე დოკუმენტს საქმის ახალ გარემოებად მტკიცებულებებს დაურთავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსჯავრდებულების ოჯახები საპროტესტო აქციებს გეგმავენ, თავად პატიმრები კი შიმშილობას გააგრძელებენ.
ცააძისა და ფირცხალავას შიმშილობას სასჯელაღსრულების სამინისტროშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მსჯავრდებულები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა