კახეთის ყოფილი გუბერნატორის მფლობელობაში არსებული მიწის ფართობი იზრდება
კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის, მფლობელობაში არსებული მიწის ფართობი იზრდება. კახეთის დეპუტატის ახალი შენაძენის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა.
გარდა ამისა, ყოფილი გუბერნატორის და ამჟამად პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი შიოლაშვილის, ქონებას შესაძლოა, მამის შენაძენები დაემატოს. დეპუტატის მამის მიერ ერთ წელიწადში შეძენილმა ქონებამ კახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ეჭვები დაიმსახურა.
საინფორმაციო ცენტრმა ყოფილი გუბერნატორის მამის ქონების შესწავლა დაიწყო და აღნიშნული მიწის ნაკვეთების გარდა არაერთი უძრავი ქონება, საწარმო და ბიზნესი აღმოაჩინა.
მოძიებული ინფორმაციის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციაში კორუფციის ნიშნებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გენადი შიოლაშვილი შვილის დახმარების გარეშე ამ რაოდენობის ქონების შეძენას ვერ შეძლებდა.
ირაკლი შიოლაშვილის მამა ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მეირ ჩატარებული კვლევა მიკერძოებულია. ამბობს, რომ საერთოდ ვერ ხვდება, რა კავშირია მისი და მისი შვილის ოჯახებს შორის.
შიოლაშვილების ოჯახის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს ოპოზიციაც. ყოფილი გუბერნატორის და ამჟამად უმრავლესობის დეპუტატის ოჯახის ქონების მოკვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია მომავალშიც აპირებს.
ავტორი: ეკა გაგუა