გაიზარდა ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. თავდაპირველად გავრცელებული ცნობებით, აფეთქება მოხდა საინფორმაციო სააგენტოს, „ავღანეთის ხმის“ ოფისში.“ მოგვიანებით ავღანეთის შსს-მ დააზუსტა, რომ თავდასხმა მოხდა შიიტთა კულტურულ ცენტრში, რომელიც სააგენტოს ოფისთან მდებარეობს. სამინისტროს პრესმდივნის, ნასრათ რაჰიმის განცხადებით, შენობაში თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა. თავდასხმის დროს კულტურის ცენტრში მიმდინარეობდა ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეჭრიდან 38-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ მომხდარს უწოდა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებს გაანადგურებენ. თავდასხმასთან კავშირი უარყო რადიკალურმა მოძრაობამ, „თალიბანმა.“