მიხეილ ჯანელიძე: პრემიერის მოწოდება უკავშირდება რთული მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდება უკავშირდება გამოსავლის მოძიებას რთული მდგომარეობიდან, რომელიც შეიქმნა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. „ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური მობილიზება, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან დაფიქსირდა შესაბამისი პოზიციები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ფორმატში, სადაც ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში შევძლოთ ამ გამოსავლის მოძებნა და რუსეთმა უპასუხოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას“ - განუცხადა 9 მარტს, ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ. საქართველოს მოქალაქე, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ოკუპირებულ ცხინვალში. მისი ცხედარი ოჯახისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ.