ფხენიანი: სამშვიდობო მოლაპარაკებებს საფრთხეს უქმნის აშშ-ის "პროვოკაცია"
იმ ფონზე, როცა აშშ და ჩრდილოეთი კორეა ემზადებიან ისტორიული მნიშვნელობის სამიტისთვის, ფხენიანი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ განცხადება, თითქოს ჩრდილოეთი კორეა აშშ-ის ზეწოლამ აიძულა მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო, ქმნის ნახევარკუნძულის "კვლავ საწყის მდგომარეობაში" დაბრუნების საფრთხეს. ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა 6 მაისს აშშ-ს ბრალი დასდო ფხენიანის "განზრახ პროვოცირებაში" საიმისოდ, რომ ძირი გამოეთხაროს ამჟამად შექმნილ "დიალოგის ატმოსფეროს". აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთი კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მომავალ კვირებში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ტრამპმა 4 მაისს განაცხადა, რომ უკვე გადაწყვეტილია შეხვედრის დრო და ადგილი, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. შეხვედრისთვის მზადება კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით წარიმართა მას შემდეგ, რაც 27 აპრილს გაიმართა სამიტი კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჩე-ინს შორის.