აქციის მონაწილეებმა პრემიერს ულტიმატუმი წაუყენეს
რუსთაველის გამზირზე შეკრებულმა აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ულტიმატუმი წაუყენეს და მოთხოვნის შესასრულებლად დრო განუსაზღვრეს. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პრემიერს საჯაროდ განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდა 12 მაისის საღამოს 10 საათამდე.
"ნინო ლომჯარიამ დაადასტურა, რომ ის 8 ე.წ. ნარკორეალიზატორი, რომელზეც აპელირებდა სისტემა, რეალურად დაკავებულები არიან კლუბის გარეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ტყუილად დაგვარბიეს, ტყუილად იძალადეს ამ ადამიანებმა ჩვენზე.
რატომ და ვინ არის პასუხისმგებელი? ვსვამთ ამ კითხვას და მივმართავთ, მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრისგან დღეს, საღამოს 10 საათამდე პრემიერ მინისტრმა პირდაპირ ეთერში გააკეთოს საჯარო განცხადება, გრძნობს თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას, იმისთვის რაც გააკეთა, ან თუ ვერ გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას, ვის აკისრებს პასუხისმგებლობას ამ გაუგონარ ძალადობაზე და დაასახელოს კრიზისის გადაჭრის კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები. ჩვენ ისე არ დავიშლებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში ვიწყებთ კარვების გაშლას მთელი ტერიტორიის მასშტაბით, იქამდე, ვიდრე პრემიერი ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ასევე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სამოქალაქო კონსოლიდაცია, შევინარჩუნოთ ეს ერთობლივი სული, ის სული რომელიც აცოცხლებს ამ ქვეყანას აქ და ახლა რუსთაველის მოედანზე, ქალაქის ცენტრში, ცენტრში, რომელიც დაკავებულია პროგრესული აზრის მიერ." - განაცხადა რამდენიმე წუთის წინ ბექა წიქარიშვილმა რუსთაველის მოედანზე.