აშშ-ში ათასობით ადამიანმა გამოხატა პროტესტი დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ
აშშ-ის დედაქალაქში, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებში ათასობით ადამიანმა გამოხატა პროტესტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო, სხვათა შორის, ემიგრანტთა ოჯახების განცალკევების პოლიტიკის წინააღმდეგ. ასეულობით დემონსტრაცია იყო დაგეგმილი მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავრობის პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად. ამ პოლიტიკის თანახმად, ათასობით მიგრანტი ბავშვი დააშორეს მშობლებს. ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, დემონსტრანტები გაიძახოდნენ: „სირცხვილი! სირცხვილი!“, ზოგიერთ მათგანს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით, „სად არიან ბავშვები“, „შეწყდეს სისასტიკე“ და „ამერიკა ჩვენ ვართ“. ტრამპის ადმინისტრაცია ახორციელებდა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას, რომლის თანახმად, აშშ-ში აპატიმრებდნენ უკანონოდ შესულ მიგრანტებს. ამ პოლიტიკის მიხედვით, უკანონო მიგრანტ მშობლებს და ბავშვებს ერთმანეთს აშორებდნენ. ფართო აღშფოთება გამოიწვია ფოტოებმა, რომლებზეც გამოსახული იყვნენ გალიებში მოთავსებული ბავშვები. მოგვიანებით ტრამპმა დათმო ბავშვების და მშობლების დაშორების პოლიტიკა, როცა კონგრესი შეეცადა უფრო ფართო საიმიგრაციო რეფორმები გაეტარებინა. არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იყო 2016 წელს. ტრამპი თავის პოლიტიკას იცავდა და აცხადებდა, რომ სურდა აშშ-ის კანონის გატარება და ამტკიცებდა, რომ კავშირია ძალადობრივ დანაშაულსა და ემიგრაციას შორის.