მოგერინი: მოლაპარაკება გაგრძელდება ირანთან ბირთვული ხელშეკრულების გადასარჩენად
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და ირანი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებას, მათ შორის ეკონომიკურ ზომებზე, იმ მიზნით, რომ გადაარჩინონ თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება. ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და წამყვანმა დიპლომატებმა 6 ივლისს ვენაში გამართეს მოლაპარაკება თავიანთ ირანელ კოლეგასთან, მოჰამად ჯავად ზარიფთან, პირველად მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ხელშეკრულებიდან გადის და ირანს ეკონომიკურ სანქციებს აღუდგენს. ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ მოგერინიმ, რომელიც მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს, წაიკითხა განცხადება, რომლის თანახმადაც ყველა მხარე გააგრძელებს სხვადასხვა საშუალების განხილვას საიმისოდ, რომ 2015 წლის ხელშეკრულება გადარჩეს, მიუხედავად აშშ-ის სანქციებისა.