რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: კრეისერ "ავრორაზე" აღდგა მართლმადიდებლური ტაძარი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ კრეისერ "ავრორაზე" აღდგა მართლმადიდებლური სახომალდო ტაძარი, რომელიც 1917 წელს გაუქმდა. სამინისტროს ცნობით, ტაძარი აღადგინეს საარქივო ფოტოების და ნახაზების მიხედვით და ის ხომალდის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ხატები განლაგებულია გასაშლელ კანკელზე, ტაძარში მოთავსებულია მსახურებისთვის საჭირო ნივთები. "საეკლესიო დღესასწაულებზე და დასვენების დღეებში კრეისერზე ჩატარდება ღვთისმსახურება და ლიტურგიები" - იუწყება სამინისტრო. ამავე წყაროს ცნობით, 1903 წელს სანკტ-პეტერბურგში აგებული, პირველი რანგის კრეისერი "ავრორა" ამჟამად ბალტიის ფლოტის შემადგენლობაში ირიცხება. "ავრორა" წარმოადგენს 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთ სიმბოლოს, მან გასროლით მისცა სიგნალი ზამთრის სასახლეზე შეტევის დაწყებას.