საფრანგეთი რუსეთს მოუწოდებს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებით ეხმაურება რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავს და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ.
საფრანგეთი კვლავაც ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადებაში წერია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების ცალმხრივი აღიარება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფასა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას.
„ზემოაღნიშნული რეგიონების მილიტარიზაცია, ასევე, აღნიშნულ და საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობას შორის ურთიერთობების გამყარებისა და ნდობის აღდგენის მექანიზმებისათვის ხელის შეშლა, მიუღებელია და აბრკოლებს ქვეყნის მოქალაქეთა შერიგების სასურველ პროცესს. საფრანგეთი მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, რათა მიღწეულ იქნეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება“, - ვკითხულობთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.