რას ნიშნავს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება?
ფრაზა „ღალატი, მექრთამეობა ან სხვა დანაშაული და დარღვევები“ იქცა სტანდარტად, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენება.
კანონი მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს პრეზიდენტებთან მიმართებით.
ფიქრობენ, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მისი გამოყენება უკიდურესად რთული იქნება.
შესაძლოა, გაგიგიათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ, რომელიც ჩაწერილია აშშ-ის კონსტიტუციაში. მისი მიზანია ამერიკის უმაღლესი საარჩევნო თანამდებობის დაცვა „ღალატის, მექრთამეობის ან სხვა დანაშაულისა და დარღვევებისგან“.
მაგრამ თანამდებობიდან გადაყენებისკენ მიმართული ეს იშვიათად გამოყენებული ნაბიჯი არაა ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება დაატოვებინონ თეთრი სახლი მოქმედ პრეზიდენტს.
შესწორების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტმა უნდა გადაიბაროს უფლებამოსილებები, თუკი პრეზიდენტი დატოვებს თანამდებობას.
შესწორება, რომელმაც 1967 წელს შეიძინა კანონის ძალა, ითვალისწინებს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა უნდა გადაიბაროს უფლებამოსილებები, თუკი პრეზიდენტი დატოვებს თანამდებობას. ის ასევე შეიცავს მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც პრეზიდენტს შეუძლია დროებით მოიხსნას უფლებამოსილებები, თუკი მას ოპერაციას უკეთებენ.
მაგრამ ამავე დროს კანონი შეიცავს მექანიზმს პრეზიდენტის იძულებით გადასაყენებლად - თუკი პრეზიდენტს „არ შესწევს უნარი განახორციელოს მისი თანამდებობით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები“.
როგორ ხდება იმპიჩმენტი?
კონსტიტუციის ავტორებს XVIII საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს მიაჩნდათ, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას მკაფიო მექანიზმი არჩეული პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად. ფრაზა „ღალატი, მექრთამეობა ან სხვა დანაშაული და დარღვევები“ იქცა სტანდარტად, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს თანამდებობიდან პრეზიდენტის ჩამოშორება.
ამ სისტემის მიხედვით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატა აწარმოებს იმპიჩმენტის პროცესს, რომელსაც ადარებენ „დიდი ჟიურის“ ბრალდებას. ამის შემდეგ სენატი აწარმოებს გამოძიებას და შემდეგ კენჭისყრით გადაწყვეტს, დამნაშავედ ცნოს თუ არა ბრალდებული. დამნაშავედ ცნობას მოჰყვება პრეზიდენტის გადაყენება.
აშშ-ის ისტორიაში არაერთხელ მიუმართავთ იმპიჩმენტისთვის, ძირითადად მოსამართლეებისა და რამდენჯერმე - კაბინეტის წევრების მიმართ. ის მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს პრეზიდენტებთან დაკავშირებით: 1868 წელს ენდრიუ ჯონსონის და 1998 წელს ბილ კლინტონის წინააღმდეგ. წარმომადგენელთა პალატამ ორივეს იმპიჩმენტი მოახდინა, მაგრამ სენატმა ორივე გაამართლა.
1974 წელს წარმომადგენლთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა, საიდანაც იწყება ხოლმე კონგრესში იმპიჩმენტის პროცესი, პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის იმპიჩმენტის რამდენიმე პუნქტს დაუჭირა მხარი. ნიქსონი პროცესის გაგრძელებამდე გადადგა.
წელს დემოკრატთა შორის გამუდმებით გაისმის მოწოდებები, რომ დაიწყოს რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი. ძალზე სათუოა, რომ ეს ასე მოხდეს, ვინაიდან კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ.
როცა პრეზიდენტს არ შესწევს უნარი...
ოთხნაწილიანი 25-ე შესწორება კონსტიტუციაში შეიტანეს 1967 წელს, მას შემდეგ, რაც მისი რატიფიკაცია მოხდა 38 შტატში.
ისტორიკოსები ამბობენ, რომ ეს მიზნად ისახავდა, სულ მცირე, ერთი დიდი წინააღმდეგობრიობის გადალახვას, რომელსაც შეიცავდა თავდაპირველი კონსტიტუცია: ვინ შეცვლის პრეზიდენტს, თუკი ის ვადამდე დატოვებს თანამდებობას. 1960-იანი წლების პირველი ნახევრისთვის უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მოქმედებდა წესი, რომ პრეზიდენტს ვიცე-პრეზიდენტი ცვლიდა. მაგრამ ეს წესი არ იყო კანონში ჩაწერილი. მაგალითად, როცა პრეზიდენტი აბრაჰამ ლინკოლნი მოკლეს 1865 წელს, პრეზიდენტი გახდა ვიცე-პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი.
იყო სხვა შემთხვევებიც, როცა მოქმედ პრეზიდენტებს უფლებამოსილებები შეუწყდათ, მაგრამ არ არსებობდა ძალაუფლების სხვისთვის გადაცემის მექანიზმი. 1919 წელს ვუდრო უილსონს ტვინში სისხლი ჩაექცა, მაგრამ შემდეგი პრეზიდენტის არჩევამდე ოფიციალურად არავის გადაუბარებია ძალაუფლება.
1962 წელს ჯონ კენედის მკვლელობამ ახალი იმპულსი შესძინა მემკვიდრეობის პროცედურის დაკანონებას.
საკონსტიტუციო ცვლილების მესამე განყოფილებაში ჩამოყალიბებულია მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პრეზიდენტების მიერ ძალაუფლების დროებით გადაცემას ვიცე-პრეზიდენტებისთვის. ეს მექანიზმი გამოიყენეს რონალდ რეიგანმა და უმცროსმა ჯორჯ ბუშმა, როცა მათ მკურნალობა უტარდებოდათ.
შესწორების მეოთხე განყოფილებაში გაწერილია პრეზიდენტის იძულებით გადაყენების პროცედურა.
25-ე შესწორების მეშვეობით პრეზიდენტს შეუძლია დროებით მოიხსნას უფლებამოსილებები.
იმას, რომ პრეზიდენტს „არ შესწევს უნარი განახორციელოს მისი თანამდებობით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები“, ადგენენ ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი უწყებების ხელმძღვანელი პირები - ამჟამად მათი რიცხვი 15 არის - და ეს ვიცე-პრეზიდენტს თანამდებობის დაკავების უფლებას აძლევს.
თუკი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას შეუძლია მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი და კაბინეტის უმრავლესობა არ დაეთანხმებიან მას, მაშინ საკითხი გადადის კონგრესში, რომელმაც შეიძლება ხმების ორი მესამედით გადაწყვიტოს, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია თანამდებობაზე დარჩენა.
კაროლინის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, მაიკლ გერჰარდტის თქმით, კონსტიტუციაში შესწორება შეტანილ იქნა საიმისოდ, რომ შეიქმნას დამცველი მექანიზმი. მისი მიზანია უფლებამოსილებების გადაცემის უზრუნველყოფა არჩევნების ჩატარების გარეშე იმ შემთხვევაში, თუკი ხდება თანამდებობიდან პრეზიდენტის ჩამოშორება დროებით ან არა დროებით.
რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა გამოთქვეს დაეჭვება მისი გონებრივი შესაძლებლობების შესახებ. ეს მხოლოდ მოგვიანებით გახდა საჯაროდ ცნობილი, მას მერე, რაც რეიგანმა თანამდებობა დატოვა.
როგორც შტაბის უფროსმა დონ რიგანმა უთხრა თავის მემკვიდრეს, შიშობდნენ, რომ რეიგანი „უუნარო“, „უყურადღებო“ და „ზარმაცი“ იყო, და რომ განიხილავდნენ კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედების შესაძლებლობას. საბოლოოდ ეს არ გახდა საჭირო.
რაც შეეხება ტრამპთან დაკავშირებულ საფრთხეს, ამ ეტაპზე საეჭვოა, რომ მის წინააღმდეგ 25-ე შესწორების ამოქმედება მოხდება.
გერჰარდტის თქმით, ნათელია, რომ შესწორების ავტორებმა ის შექმნეს საიმისოდ, რომ პრეზიდენტის დროებით შეცვლა იყოს შესაძლებელი მისი ავადმყოფობის გამო.
საქმეს ართულებს ის, რომ მეოთხე განყოფილებაში არ არის დაკონკრეტებული, რას ნიშნავს „არ შესწევს უნარი განახორციელოს მისი თანამდებობით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები“.
საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტების აზრით, 25-ე შესწორების ამოქმედება პრობლემებს წამოჭრის საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ და ის არ მოისურვებს გადადგომას, ასეთი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორება იოლი არ იქნება. ის ამერიკელ ხალხს ეტყვის, რომ მისი გადაყენება არ იყო მართებული. ეს კი უკიდურესად საზიანო შეიძლება იყოს ქვეყნისთვის.