გიგა მაქარაშვილი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ენგურის ხიდამდე ფეხით მივა
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი 14 სექტემბერს თბილისიდან ფეხით დაიძვრება და ორ კვირაში ენგურის ხიდთან მივა - ის ასე გამოხატავს თავის პროტესტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. გიგა მაქარაშვილმა ერთი ასეთი, შედარებით ხანმოკლე ანტისაოკუპაციო მსვლელობა უკვე მოაწყო ერთი თვის წინ - თბილისიდან ყარაფილამდე, საოკუპაციო ხაზამდე. შემდეგი, ორკვირინი მსვლელობაც - ენგურამდე მაშინ დაიგეგმა. მისი მიზანია ენგურის ხიდზე, სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს ჩავიდეს. სამოქალაქო აქტივისტს დღეში დაახლოებით 30 კილომეტრის გავლა მოუწევს.
„რუსეთი ოკუპანტია. ეს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა თქვას და გაიგოს. მე ასე ვამბობ სათქმელს“, - ამბობს გიგა მაქარაშვილი.
ენგურის ხიდთან ანტისაოკუპაციო წარმოდგენაც მოეწყობა, სადაც მას ასამდე მხარდამჭერი შეუერთდება. სულ გიგა მაქარაშვილმა ფეხით დაახლოებით 368 კილომეტრი უნდა გაიაროს.