ბოსნიაში საყოველთაო არჩევნების წინ საპროტესტო გამოსვლები ტარდება
ბოსნიაში საყოველთაო არჩევნების წინ საპროტესტო გამოსვლები ტარდება. ბოსნიის ორ უდიდეს ქალაქში მიმდინარე აქციების ორგანიზატორია ორი მამა, რომლებიც მათი ვაჟების სავარაუდო მკვლელობების შესახებ სიმართლის გამომზეურებას მოითხოვენ. 7 ოქტომბრის არჩევნების წინ პოლიტიკური კანდიდატების მიერ დაგეგმილი უკანასკნელი საარჩევნო აქციები 5 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ სერბულ ავტონომიურ რეპუბლიკაში მთავარმა ოპოზიციურმა ბლოკმა, გამარჯვებისთვის ალიანსმა, გააუქმა ბანია-ლუკაში დაგეგმილი მიტინგი. ასევე მოიქცნენ ოპოზიციური პარტიები სარაევოში და ამით სოლიდარობა გამოუცხადეს საპროტესტო აქციების მონაწილეებს. ორმა მამამ - სერბმა დავორ დრაგიჩევიჩმა ბანია-ლუკიდან, და მურიზ მემიჩმა, ბოსნიელმა მუსლიმმა სარაევოდან - განაცხადა, რომ არჩევნების წინ ერთდროულ საპროტესტო აქციებს მართავენ სასამართლოზე ზეწოლის მოსახდენად, რათა დაჩქარდეს მათი ვაჟების სიკვდილის გარემოებათა გამოძიება. დრაგიჩევიჩი და მემიჩი ბოსნიის ხელისუფლებას ბრალს სდებენ, რომ ის დაკავშირებულია მათი შვილების მკვლელობებთან, რომლებიც, მათი თქმით, პოლიციამ და პროკურატურამ ჩაიდინა პოლიტიკური მიზნებით.