რუსეთში გადაიფიქრეს ბრალის წარდგენა ალექსეი ნავალნისათვის
რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ალექსეი ნავალნი ორშაბათს პოლიციაში დაიბარეს, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, მისთვის აპირებდნენ ბრალის წაყენებას ცილისწამების მუხლით. მაგრამ გამომძიებელმა ეს არ გააკეთა. ნავალნიმ ამ სიტუაციას უწოდა „უცნაური“ და ივარაუდა, რომ ბრალის წარდგენაზე უარის თქმა მოხდა „მასმედიაში ატეხილი ხმაურის გამო“. მანამდე ალექსეი ნავალნიმ გაავცელა ვიდეობლოგი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ აპირებენ მისთვის ბრალის წაყენებას ცილისწამების მუხლით, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე 2016 წელს აღიძრა. ალექსეი ნავალნის ცილისწამებაში ადანაშაულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პაველ კარპოვი, რომელიც მაგნიტსკის საქმის ფიგურანტია.