თბილისში იკრიბებიან რუსეთის „ევრაზიული კავშირის“ სახელით
„აქცენტი გაკეთდება საქართველოს ურთიერთობაზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებთან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარინა აგამალიანმა, წარმომადგენელმა კომპანიისა „ივენცენტრი“, რომელიც ღონისძიებებს უგეგმავს ერევნის სავაჭრო-სამრეწველო პალატას. ორგანიზატორებს შორის დასახელებულია „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“, თუმცა ამ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ლაბაძემ რადიო თავისუფლებასთან უარყო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორუმში მონაწილეობა. მისი განცხადებით, რადგანაც „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ აქტიურად თანამშრომლობს სომხურ მხარესთან, ასოციაციაც შეცდომით ჩასვეს ორგანიზატორების სიაში.
„ბიზნესკავშირების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია "ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის" სახელით ჩატარებულ ფორუმში მონაწილეობა, რადგან ეს არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს", - განაცხადა ლაბაძემ.
რუსეთის ინიციატივით დაარსებული „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ წევრები“ არიან: რუსეთი, სომხეთი ბელორუსია, ყირგიზეთი და ყაზახეთი. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს თბილისში დაგეგმილ ფორუმში.