ეროვნული ბანკი: ლარის კურსი არჩევნების ზემოქმედების შედეგია, დოლარის ფასი კი გადაჭარბებული
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობა არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს და ლარის კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება.
ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც ახასიათებს მოკლევადიანი მერყეობა. ეროვნული ბანკი „დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები.“
ეროვნული ბანკის შეფასებით, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი გადაჭარბებულია, ამიტომ, მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ურჩევს, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით, მათვე დააზარალებს.
„ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სესხის და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს, როგორც ეს ეროვნულ ბანკს არაერთხელ განუცხადებია. ასეთ შემთხვევაში მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან კურსის მოკლევადიანი მერყეობის მიმართ” - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. საფინანსო ინსტიტუტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ
ეროვნული ბანკის მიზანია საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და შესაბამისად, გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა არ დაუშვას მაღალი ინფლაცია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დღეს ერთი ამერიკული დოლარის ფასი 2 ლარს და 73 თეთრს აჭარბებს, კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი, 2-3 თეთრით მეტია.