ირანის და ერაყის პრეზიდენტები გამოდიან კავშირების განმტკიცების პირობით
ერაყის პრეზიდენტმა, ბარჰამ სალიჰმა პირობა დადო, რომ განამტკიცებს ორმხრივ კავშირს ირანთან, იმ შეშფოთების ფონზე, რომელიც თეირანში არსებობს აშშ-ის მხრიდან განახლებული ეკონომიკური სანქციების გამო. სალიჰი ამ განცხადებით გამოვიდა 17 ნოემბერს, ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან მოლაპარაკების შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ ორმხრივი ვაჭრობის ყოველწლიური მოცულობა ამჟამინდელი 7 მილიარდი დოლარიდან შესაძლებელია 20 მილიარდამდე გაიზარდოს. ირანი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ერაყზე მას შემდეგ, რაც 2003 წელს ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ შეჭრას მოჰყვა სადამ ჰუსეინის დამხობა. თეირანს იმედი აქვს, რომ მეზობელ ქვეყანასთან ექსპორტს შეინარჩუნებს, სანქციების განახლების მიუხედავად. როჰანის თქმით, მან და სალუჰმა განიხილეს ვაჭრობის გაზრდა ელექტროენერგიის და ნავთობის სფეროებში, ისევე, როგორც თავისუფალი ვაჭრობის ზონების ამოქმედება საზღვრის გასწვრივ. სალიჰმა ისაუბრა "ახალი რეგიონული სისტემის" ფორმირების პერსპექტივაზე, რომელმაც ერაყი და ირანი უნდა მოიცვას და დაეფუძნოს "პოლიტიკურ ერთობას, ეროვნულ ინტერესებს და თანამშრომლობას ერებსა და მთავრობებს შორის" - თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.