ეკა გიგაურმა სასამართლო პროცესი წააგო
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის მიერ შეტანილი სარჩელი გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა სასამართლოს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მიმართა.
„დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიჩივლე ცილისწამებისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ დაგეშილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვებრძოდი და ასეთ პირობებში მურუსიძის სასამართლოს იმედი არ უნდა მქონოდა, სასამართლოში მაინც წავედი, რადგან ჩემთვის ერთადერთი მისაღები გზა სამართლებრივი ბრძოლაა“, - განაცხადა ეკა გიგაურმა სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.
ეკა გიგაური ამბობს, რომ არ აპირებს ბრძოლაზე უარის თქმას: „მიუხედავად იმისა, რომ ცილისმწამებლების მოწმეებიც კი ჩემს სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ, ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა. მე გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც! არავინ იფიქროს, რომ ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფოს მიზანმიმართული კამპანიის გამო პირში წყალს ჩავიგუბებ და გავჩერდები“.