გიორგი ქობულია: მე არ მითქვამს, რომ ხალხს არ უჭირს
„არასოდეს არ მითქვამს და არ ვიტყვი, რომ ხალხს არ უჭირს საქართველოში და დაანებეთ თავი ტყუილების თქმას, თქვენც და ჟურნალისტებმაც“, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. მისი მისამართით დასმული არაერთი შეკითხვის საპასუხოდ, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მას არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ ხალხის გასაჭირი საქართველოში და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის გამოც მან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, არასწორად იყო ინტერპრეტირებული.
„ზუსტად ის ვერ გავიგეთ ბევრმა, რა ვთქვი მე. ვისაც სურს, შეუძლია ნახოს ჩანაწერი და კიდევ კარგი, დაფიქსირებულია. მე ზუსტად ვთქვი შემდეგი: საქართველოში არის საოცარი გასაჭირი და ხალხს საოცრად უჭირს. ერთადერთი, რაც მე ვთქვი, იყო ის, რომ რადგანაც ხალხს ასე უჭირს, იმისგან, რომ დღეს არ უჭირს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე უჭირდა გუშინ, ამისგან ამ ხალხის სიტუაცია არ იოლდება. ერთადერთი, მე გავეცი ჟურნალისტის კითხვას პასუხი: როდესაც ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩვენ ყოველ წელიწადს ვუარესდებით, მე ვთქვი, რომ ეს ასე არ არის და ვისაც აქვს ამაზე კითხვა და პრეტენზია, შემიძლია დავუჯდე და სახალხოდ, დეტალურად გავურჩიო... მაგრამ ვისაც ექნება ამაზე პრეტენზია, არ ვურჩევ ამ საკითხზე ჩემთან დაჯდომას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.