საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არავის ურჩევს გუნდის წინააღმდეგ წასვლას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს თანამდებობა დატოვოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს. „ესეც კავშირშია გუნდის წინააღმდეგ წასვლასთან. ჩვენ ვიცით რა კავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები“ - უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ. მისი თქმით, მსგავსი ცნობები ერთი წლის წინაც ვრცელდებოდა. „ანუ, გარკვეული კავშირების საფუძველზე ვრცელდება შეგნებულად ეს ინფორმაციები. ესეც არის, რა თქმა უნდა, გუნდის დაზიანებისკენ გადადგმული შეგნებული ნაბიჯი. ეს საკითხებიც უნდა გაირჩეს გუნდის შიგნით. ვინც არღვევს წესებს, ბუნებრივია, მას უნდა გაეცეს პასუხი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველ გუნდში ერთიანობის შენარჩუნება სურთ, მაგრამ წესები ყველამ უნდა დაიცვას. შეკითხვას, არღვევს თუ არა წესებს ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „ვისაც გარეთ გააქვს გარკვეული სირთულეები, ის უშვებს შეცდომებს. მე ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს. ესეც იქნება გარკვეული სირთულის გარეთ გატანა.“ კობახიძის თქმით, სირთულეებს გუნდის შიგნით მოაგვარებენ და თუ ვინმე წესებს არღვევს, ამაზე იქნება მაქსიმალურად რბილი რეაგირება. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელსაც ირაკლი კობახიძის თქმით, ერთიანობის შენარჩუნების მცდელობების მიუხედავად მოუწია უმრავლესობის დატოვება.
„მე ვარ ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი და ვიცავ იმ წესებს, რომელიც არის დადგენილი ამ გუნდის მიერ. არის ერთი გუნდი, მას ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი როგორც ლიდერი, და არავის არ ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას. თუ წავა ვინმე ამ გუნდის წინააღმდეგ, მას გაეცემა აუცილებლად პასუხი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.