პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაეცა
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) გამოკვლევის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 33,4%-მდე შემცირდა და ეს ისტორიული მინიმუმია ბოლო 13 წლის განმავლობაში. თუმცა პუტინი კვლავაც ინარჩუნებს ლიდერობას სხვა პოლიტიკოსებს შორის. ВЦИОМ-ის ინფორმაციით, ამ რიგში მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ თავდაცვის მინისტრი - სერგეი შოიგუ (13,7%) და საგარეო საქმეთა მინისტრი - სერგეი ლავროვი (9.3%). ანტირეიტინგს კი, ძველებურად, ვლადიმირ ჟირინოვსკი (26,3%) უდგას სათავეში.
ცენტრის მიერ 9-13 იანვარს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის მუშაობას იწონებს რუსეთის მოქალაქეების 62,1%, ხოლო პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის საქმიანობა მოსაწონია, შესაბამისად, 35 და 39,5 პროცენტისთვის.
გამოკითხვა ჩაატარა რუსეთის მოსახლეობის „საზოგადოებრივი აზრის“ ფონდმაც (ФОМ). 12-13 იანვარს ჩატარებული გამოკითხვით, რუსეთის მოსახლეობის 54%-მა განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებები ბოლო თვის განმავლობაში მათში უკმაყოფილებასა და აღშფოთებას იწვევდა. ამასთან, გამოკითხულთა 70%-ის განცხადებით, ბოლო თვეში გარშემომყოფთაგან ესმოდათ კრიტიკული გამონათქვამები რუსეთის ხელისუფლების მისამართით. ეს არის უმაღლესი მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ.