საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ: აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს
29 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ განცხადება გაავრცელა.
"უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად მიაჩნიათ, ყველა საშუალებით დაიცვან" - ნათქვამია განცხადებაში. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მხარეები თავს არ იკავებენ შეურაცხმყოფელი გამოთქმების, შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან.
საპატრიარქო ამ "მხარეებს" კორექტულობისკენ მოუწოდებს და განმარტავს:
"უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს
ამჟამად მთავარი არის მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას'"
განცხადების გავრცელება ემთხვევა თბილისში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის საგანგებო ვიზიტს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 30 იანვარს დაგეგმილია დელეგაციის წევრების შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან და წმინდა სინოდის წევრებთან. მათი საუბრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები კონსტანტინეპოლელ ეპისკოპოსებს სასტუმრო თბილისი მერიოტში 29 იანვრის საღამოსაც შეხვდნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურეს რომ ხვალინდელი შეხვედრის მთავრი თემა სწორედ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება. საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.