მამუკა ბახტაძე: ძალიან ძლიერი გზავნილები მივიღეთ ჩვენი მეგობრებისაგან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარმატებულად მიიჩნევს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში ქვეყნის დელეგაციის მონაწილეობას.
„ძალიან გვიხარია, რომ ძალიან ძლიერი გზავნილები მივიღეთ ჩვენი მეგობრებისაგან“, აღნიშნა მან 17 იანვარს მიუნხენში, სადაც კონფერენციის დასრულების შემდეგ ესაუბრა რადიო თავისუფლების სპეციალურ კორესპონდენტს.
შეკითხვას, რა კონკრეტული გზავნილები მიიღო საქართველომ აშშ-გან, რომლის ვიცე-პრეზიდენტსაც მამუკა ბახტაძე მიუნხენში შეხვდა, მოჰყვა ბახტაძის პასუხი, რომ საქართველოს იდენტიფიცირებული აქვს ორი ძირითადი მიმართულება აშშ-თან ურთიერთობის განსავითარებლად: პირველია უსაფრთხოება და ამ სფეროში მხარეები გადადიან გრძელვადიან თანამშრომლობაზე. და მეორეა ეკონომიკური მიმართულება.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შავი ზღვის რეგიონი იყო მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა, ხოლო საქართველოს გზავნილია ის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის მდგრადი უსაფრთხოების გარანტირება შეუძლებელია. „რუსეთის აგრესიამ საქართველოში და შემდეგ უკრაინაში ამის სამწუხარო მაგალითი აჩვენა ყველას“, აღნიშნა პერმიერ-მინისტრმა.
უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელში მონაწილეობისას, მამუკა ბახტაძემ გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა.
მიუნხენში დღეს დასრულდა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი რიგით 55-ე კონფერენცია სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერების, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების, მრავალრიცხოვანი ექსპერტების მონაწილეობით.
რადიო თავისუფლება 18 თებერვლიდან შემოგთავაზებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას.