დავით სერგეენკო სოცმუშაკების გაფიცვას გამოეხმაურა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სოციალური მუშაკების პრობლემების გადასაჭრელად გეგმა შემუშავდა, თუმცა ამ გეგმის აღსრულების ვადებს გაფიცული სოციალური მუშაკები არ ეთანხმებიან.
„სოციალური მუშაკები ითხოვენ ამ გეგმის ბევრად დაჩქარებულად, უმოკლეს ვადებში განხორციელებას. ვეცადეთ, მოგვეძებნა კომპრომისი. უკლებლივ ყველა სამუშაოს აღსრულების ვადას ვერ გადმოვწევთ, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვის დაწყებამდე გვქონდა მათთან ერთად შემუშავებული გეგმა, რომლის საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულდა გაფიცვის დაწყებამდე“, - დავით სერგეენკოს განმარტებით, სოციალური მუშაკების მოთხოვნა მათი ტვირთის შემსუბუქება. და ეს მანამ, სანამ კანონით ხელფასის გაზრდის საშუალება იქნება.
27 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სოცმუშაკების ხელფასი ვერ მოიმატებს იმის მიხედვით, თუ რამდენად მძაფრად იქნება გამოხატული პროტესტი.
შემუშავებული გეგმის თანახმად, სოცმუშაკები იმ ტვირთისგან უნდა გათავისუფლდნენ, რაც მათ პრობლემებს უქმნის. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა მოგვარდეს ტრანსპორტის საკითხი. სერგეენკოს თქმით, ერთ კვირაში სამსახურს დამატებით 11 მანქანას გამოუყოფენ.
თუმცა, მინისტრმა გაფიცულ სოციალურ მუშაკებს სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში დაბრუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სოციალური მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მუშაობა უპირველესი პრიორიტეტია.
დავით სერგეენკოს განცხადებით, ამჟამად სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც მან განმარტა, სოციალური მუშაკების მოვალეობებს სამინისტროს თანამშრომლები და შტატგარეშე თანამშრომლები ასრულებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით კი, თუ გაფიცვა გაგრძელდება, მომავალი თვიდან სოციალური მუშაკების სახელფასო ანაზღაურების საკითხი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.