„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებულია სამეცნიერო გუნდი „ობერტონი“
2019 წლის „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებული გახდა სამეცნიერო გუნდი „ობერტონი“.
გამარჯვებული გუნდი ზაფხულში აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს ცენტრის სასწავლო პროგრამაში
გამარჯვებულმა ხუთეულმა, სოფიო ჩიხლაძემ, მარიამ გამრეკელაშვილმა, ალექსანდრე ქაჯაიამ, გიორგი რეგიშვილმა და იონა იობიძემ, კონკურსზე წარადგინეს პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი“:
"ჩვენი გამოგონება სრულიად ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის (პრეპარატის, სურსათის, საკვების, ჰაერის, თუ საკვების დაბინძურების და სხვ.) გავლენა მეხსიერებაზე და დავადგინოთ, თუ რა ტიპის მეხსიერება აქვს საკვლევ ობიექტს".
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით "ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი" უკვე მეხუთე წელია ტარდება.
ფონდი კონკურსს 2014 წლიდან ახორციელებს საქართველო აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით.
წლევანდელ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისის და თელავის სკოლებიდან.
გასულ წელს, ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული გახდა პროექტი "რობოტი ლაბორანტი", რომლის ავტორებიც იყვნენ გოგონები გიმნაზიიდან AIA GESS.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან და წარმატებულ მეცნიერებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას.