დედაენის დღესთან დაკავშირებით თბილისში არაერთი ღონისძიება ტარდება
14 აპრილი ქართული ენის, დედაენის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი. ქართული ენის კვირეული იხსნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კონკურსის - "მე ვწერ ქართულად" - გამარჯვებულებს დააჯილდოებს.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებული დედაქალაქის მერიის ორგანიზებული ღონისძიებები გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიესა და ეზოში.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) „დედაენის“ დღის აღსანიშნავად ოპერიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას მოაწყობს, ხოლო 13:00-დან 19:00 საათამდე მწერალთა სახლში „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილი ერთდღიანი ფესტივალი “GAUზიარე 33 ემოცია“ გაიმართება.
20:00 საათზე იგეგმება 3D ინსტალაცია „ქართული ხელნაწერი“. ეს არის მათთვის, ვინც ამ დროისთვის თბილისის საკრებულოს შენობასთან მივა.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოში მწვავედ გააპროტესტეს საბჭოთა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება - ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმების შესახებ. რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა (უმრავლესობა - სტუდენტები).
საპროტესტო აქცია სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დაიწყო და რუსთაველზე გაგრძელდა. მაშინდელი უმაღლესი საბჭოს, დღევანდელი პარლამენტის, შენობის წინ შეკრებილი ხალხი დილიდან ელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას. გადაწყდა, რომ საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული ენა დარჩებოდა. 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ გამოცხადდა.