პოროშენკო პატივს სცემს უკრაინელი ხალხის არჩევანს იმ შემთხვევაშიც, თუ „ღმერთმა დაიფაროს“ და ზელენსკი გაიმარჯვებს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც 21 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, დაუპირისპირდება კომიკოს ვლადიმირ ზელენსკის, მზად არის, პატივი სცეს უკრაინელი ხალხის არჩევანს იმ შემთხვევაშიც, თუ „ღმერთმა დაიფაროს“ და არჩევნებში ზელენსკი გაიმარჯვებს.
ამის შესახებ მან განაცხადა, როცა კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული პრესკონფერენციის დროს პასუხობდა ჟურნალისტის შეკითხვას, ითანამშრომლებს თუ არა ზელენსკისთან, თუ არჩევნებში ეს უკანასკნელი გაიმარჯვებს.
პოროშენკო სტადიონზე მივიდა, სადაც, მისი წინადადებით, დღეს უნდა გამართულიყო ზელენსკისთან დებატები. მაგრამ ზელენსკიმ წინასწარვე თქვა, რომ არ აპირებდა 14 აპრილს გამოცხადებას, რადგან სტადიონზე დებატების 19 აპრილს ჩატარება სურს. დებატებისათვის სტადიონის შერჩევა მისი ინიციატივა იყო.
დღეს პოროშენკო მეუცლისა და შვილების თანხლებით მივიდა სტადიონზე, სადაც - კერძოდ, სტადიონსა და მიმდებარე სასტუმროს შორის განთავსებულ დარბაზში - ათობით ჟურნალისტი ელოდებოდა.
მე არ ვიყავი ის, ვინც დებატებისათვის ეს ადგილი შეარჩიაო, აღნიშნა პოროშენკომ, რის შემდეგაც ზელენსკის მიმართა. „ვიცი, რომ გვიყურებთ“, აღნიშნა მან და გამოთქვა ვარაუდი, რომ მის მეტოქეს დასვენება სჭირდება პარიზში ვიზიტის შემდეგ.
სტადიონის ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ მიმართეს წინასაარჩევნო დებატების 19 აპრილს ჩატარების თხოვნით. ამდენად, შესაძლებელია ზელენსკი სტადიონზე მივიდეს თავისთვის სასურველ დღეს და მარტომ მიმართოს მხარდამჭერებს.
დღეს საკუთრივ სტადიონზე ხალხი არ ყოფილა, მაგრამ 1000-მდე ადამიანი იდგა სტდიონთან და უსმენდა პოროშენკოს პრესკონფერენციის პირდაპირ ტრანსლაციას.